მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენება ინკლუზიური ცეკვის სწავლებისას

Main Article Content

ანა ღვინიაშვილი

ანოტაცია

ცეკვის გაკვეთილებზე, ხშირ შემთხვევაში, პედაგოგ-ქორეოგრაფებს უჭირთ მოსწავლის სწავლის სტილის სწორად განსაზღვრა და სწავლების მრავალფეროვანი მიდგომების  გამოყენება, რამაც უნდა  უზრუნველყოს  ჯგუფში ყველა მოსწავლის თანაბარი  ჩართულობა.


აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, შევიმუშავეთ ინკლუზიური ცეკვის  გაკვეთილის საავტორო ინოვაციური მოდელი და სწავლების  მიდგომები, რომლებიც ეფუძნება ქორეოგრაფიულ პედაგოგიკას, ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიასა და ინტეგრირებულ საცეკვაო ჯგუფებში  ოთხწლიან საკუთარ  პედაგოგიურ  პრაქტიკას. 


შემუშავებული გაკვეთილის მოდელი სოციალურია, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია  მოსწავლეების საბაზო საცეკვაო  უნარების  განვითარებაზე (14 უნარი) და ქორეოგრაფიული დადგმების განხორციელებაზე. გარდა ამისა, საგაკვეთილო პროცესში ვიყენებთ ასევე სინთეზურ თერაპიულ მიდგომას, სადაც გაერთიანებულია მუსიკათერაპიისა და ცეკვით/მოძრაობითი თერაპიის ტექნიკები.


ინკლუზიური ცეკვის გაკვეთილზე  ცეკვის სწავლების გზით  ვცდილობთ მივაღწიოთ  გონების, სულისა და სხეულის ჰარმონიზაციას, გავაუმჯობესოთ მოსწავლის ზოგადი უნარები  და ემოციური სფერო. ხელი შევუწყოთ მათ სოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.  აღნიშნული სამუშაო მიზნების მისაღწევად, ინკლუზიური ცეკვის გაკვეთილზე საჭიროა გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის სწავლის სტილი.


„სწავლის სტილი არის პიროვნების მახასიათებელი და ინფორმაციის გაგების, დაუფლების, გადამუშავების, შენახვისა და აღდგენის უპირატესი გზა, რომელიც აადვილებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლების პროცესს. ბევრისთვის მისაღებია ნებისმიერი გზით მიწოდებული მასალა, თუმცა რომელიმე მათგანს მაინც ვანიჭებთ უპირატესობას. სწავლის სტილის კლასიფიცირების არაერთი მოდელი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებულია VAK (Visual, Auditory, Kinaesthetic) მოდელი, რომელიც სწავლის სამი ძირითადი სტილისა და მეთოდის მიხედვით ახდენს კატეგორიზებას: ვიზუალური (მხედველობითი), აუდიალური (სმენითი) და კინესთეტური (სხეულებრივი)“ .


ინკლუზიური ცეკვის გაკვეთილზე სწავლებისას ვიყენებთ მრავალფეროვან მიდგომებს: ა) ჰოლისტიკური მიდგომა; ბ) განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა; გ) შესაძლებლობებზე დაფუძნებული მიდგომა; დ) ემოციურ, კოგნიტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული მიდგომა; ე) მულტიმოდალური მიდგომა;  ვ) სინთეზური თერაპიული მიდგომა (მუსიკათერაპია და  ცეკვით/მოძრაობითი თერაპია).


 


საკვანძო სიტყვები:
ინკლუზიური ცეკვა, გაკვეთილის მოდელი, სწავლის სტილი, სწავლების მრავალფეროვანი მოდელები
გამოქვეყნებული: Mar 6, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ქორეოლოგია