პროზაული ნაწარმოების სცენური ინტერპრეტაცია თემურ ჩხეიძის სპექტაკლის „დუელი“ მაგალითზე
Main Article Content
ანოტაცია
2018 წლის 27 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრის სცენაზე რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ მაყურებელს შესთავაზა ანტონ ჩეხოვის მოთხრობის - „დუელის“ სცენური ინტერპრეტაცია. თემურ ჩხეიძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა პროზის ინტერპრეტაციას (ტექსტზე იმუშავა თამაზ გოდერძიშვილთან ერთად). „დუელი“ 1891 წელს გამოქვეყნდა, თუმცა სიუჟეტი გაცილებით ადრე იყო მოფიქრებული. პირველი ჩანაწერი მოთხრობის დაწერის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მწერალმა კავკასიაში იმოგზაურა (1888). ჩეხოვი დაწვრილებით გადმოგვცემს მეფის რუსეთის დროინდელ სოციალურ-პოლიტიკურ სისტემას, ამ გარემოში მყოფ ადამიანთა ცხოვრებას, გმირების ხასიათს, მათ ჩვევებს, მისწრაფებებს და მოსაზრებებს.
წინამდებარე ნაშრომზე მუშაობისას გამოვიყენე ლიტერატურათმცოდნეთა კვლევები, რომლებიც დამეხმარა ჩემი თემის უკეთ შესწავლაში. კონკრეტულად, სპექტაკლ „დუელში“ ანტონ ჩეხოვის, ანუ მწერლისეული ესთეტიკის გაცნობის შემდეგ, ჩამომიყალიბდა შეხედულება მისი შემოქმედების თავისებურებების შესახებ, ვგულისხმობ ავტორის წერის მანერასა და სტრუქტურას, როგორც დრამატურგიული, ისე პროზაული თხრობითი სტილის თვალთახედვით. ჩეხოვის „დუელი“ ჟანრობრივ-ფორმობრივი თვალსაზრისით პროზაული ტექსტია, 125-გვერდიანი მოთხრობა „დუელი“ ინსცენირების ავტორმა, პიესის სახით, 42 გვერდამდე დაიყვანა. ტექსტის შემცირების მიუხედავად, შენარჩუნებულია მოთხრობის თემატური ღერძი. „დუელი“ 21 თავადაა დაყოფილი, პიესა კი სულ 15 ეპიზოდისგან შედგება. რეჟისორი სპექტაკლში დეტალურად იკვლევს პერსონაჟთა ფუნქციას და მოთხრობის ლიტერატურული ანალიზი გადმოაქვს სცენაზე. თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი ძიებების ღირსებაც იმაში მდგომარეობს, რომ ქმედით დიალოგებზე, ტექსტუალურ მასალაზე დაყრდნობით, ქმნის მიზანსცენებს, რომლებიც სპექტაკლის მყარ სტრუქტურას ქმნიან. მის დადგმებში სენტიმენტალიზმი მთლიანად გამქრალია, ხოლო ლიტერატურული მასალის ინსცენირება დეტექტიურ, საგამომძიებლო თუ ფსიქოანალიტიკურ ჭრილშია გადაწყვეტილი.
ნაშრომში განვიხილე თარგმნილი თხზულების ინსცენირება, სადაც წარმოდგენილია ადამიანის შინაგანი ცხოვრების, წინააღმდეგობების ძიება, ღრმა და გააზრებული ფსიქოლოგიზმი, იდეური ჭიდილი და ყოფის, ეპოქის, იდეოლოგიების ტყვეობაში მოქცეული პიროვნებების საზრისული მაძიებლობა. ყოველივე ეს მეტწილად სწორედ ისეთი გამორჩეული ხელწერის შემოქმედისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, როგორიც რეჟისორი თემურ ჩხეიძეა.
ამ ნაშრომის მიზანია, გამოვიკვლიო თუ როგორ გვთავაზობს რეჟისორი ვიზუალური ინტერპრეტირების მრავალფეროვან არჩევანს და როგორ ინარჩუნებს მთავარ სახელოვნებო შტრიხს, რომელიც გულისხმობს სცენაზე ისეთი პერსონაჟების წარმოდგენას, რომელთა თამაშიც ადამიანის ფსიქოლოგიის სიღრმისეულ ცოდნასა და კვლევაზეა დამყარებული. თემურ ჩხეიძის ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დამანახა პიროვნების შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნება, ამბივალენტურობა და დრამატიზმი.