ადრეული ასაკის საბავშვო თეატრი ევროპაში ანუ თეატრი ყველაზე პატარებისთვის
Main Article Content
ანოტაცია
როგორც ვიცით, პროფესიული საბავშვო თეატრი მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა და განვითარდა ევროპის ქვეყნებში, აშშ-სა და რუსეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ საბჭოთა კავშირში. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი თეატრი კი შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელიც დაახლოებით სამი ათეული წლის წინ დაიბადა და წმინდა ევროპული ფენომენია. ამ ტიპის თეატრი კარგად განვითარდა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე თანდათან იკიდებს ფეხს რუსეთის და პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ქალაქებში არსებულ კერძო, დამოუკიდებელ დასებში.
წინამდებარე კვლევაში განხილულია ადრეული ასაკის ევროპული საბავშვო თეატრის რამდენიმე მოდელი და მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის მაგალითად შვედი რეჟისორის, სუსანე ოსტენის მიერ დადგმული „ბეიბიდრამა“ - წარმოდგენა 6-12 თვის პატარებისთვის, იტალიური თეატრი „ლა ბარაკა“, პროექტები „ბრჭყვიალა ფრინველი“ და „მცირე ზომა“, ბრიტანეთში, შოტლანდიაში, უნგრეთსა და სხვა ევროპული ქვეყნებში მომუშავე დასები, რომლებიც კონკრეტულად ადრეული ასაკის მაყურებლისთვის მუშაობენ და სხვა.
ძიების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ასპექტი: ადრეული ასაკის ევროპული საბავშვო თეატრისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებანი, მაყურებლის ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფის სპეციფიკა, ფინანსური, სოციალური, საორგანიზაციო და საკანონმდებლო საკითხები, პროფესიული კვლევების მნიშვნელობა და მრავალი სხვა.
წარმოდგენილი მოდელების განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ საბავშვო თეატრი არა მხოლოდ კულტურის, არამედ ქვეყნის პოლიტიკისა და საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ბავშვზე ზრუნვა იწყება მისი დაბადების წამიდან და ეს გამოიხატება არა მხოლოდ მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, არამედ ბავშვის, როგორც ცალკეული ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებასა და მისთვის ამ უფლებებით გათვალისწინებული სერვისების (მათ შორის საგანმანათლებლო და სახელოვნებო) მიწოდებაში.