გერმანული ექსპრესიონისტული სათეატრო და კინორეჟისურის მხატვრული საფუძვლები და ძირითადი პრინციპები
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში - „გერმანული ექსპრესიონისტული სათეატრო და კინორეჟისურის მხატვრული საფუძვლები და ძირითადი პრინციპები“ - განხილულია XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე წარმოქმნილი მხატვრული მიმდინარეობის, ექსპრესიონიზმის წარმოშობისა და განვითარების ისტორიული წინაპირობები და აღნიშნული მხატვრული მიმდინარეობის გავლენა იმ პერიოდის სათეატრო და კინორეჟისურაზე.
XIX საუკუნის დასარულსა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპის კულტურული ცხოვრება გამოირჩევა მრავალწახნაგოვანი და წინააღმდეგობრივი მხატვრული მიმდინარეობებით, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ურთულეს ისტორიულ პროცესებთან. მკვეთრმა ეპოქალურმა სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ამ პერიოდის მხატვრულ აზროვნებაზე, რაც არაერთგვაროვნად გამოვლინდა ხელოვნების სხვადასხვა დარგში. XIX-XX საუკუნეთა მიჯნის დრამატული თეატრის ევოლუცია, ევროპის ისტორიული და სოციალურ-კულტურული განვითარების კონტექსტში, სრულფასოვნად არ არის შესწავლილი. ამ პერიოდის ევროპულ დრამატულ თეატრში შეინიშნება განვითარების ახალი ტენდენციები, რომლებმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი სასცენო ფორმების ტრანსფორმაცია გამოიწვია. შეიცვალა თეატრალურობის გაგება, ახალი სასცენო ენის ძიებამ და დრამატურგიაში ექსპერიმენტული თემების დამუშავებამ ხელი შეუწყო სხვა მხატვრული მიმდინარეობების გაჩენას.
ექსპრესიონისტული ტენდენციების მცირე დოზით გამოვლენა თავს იჩენს პირველი მსოფლიო ომამდელი პერიოდის ცალკეულ დადგმებში. ასეთი მცდელობების ერთ-ერთ პირველ მერცხლად თეორეტიკოსები ზორგეს „მათხოვრების“ სცენურ ვერსიას თვლიან. მნიშვნელოვანია 1919 წელს ბერლინში ახალგაზრდული ჯგუფის მიერ დაარსებული თეატრი - „ტრიბუნა“, რომელმაც თავისი შემოქმედების საბოლოო ლოზუნგად ექსპრესიონიზმი გამოაცხადა.
ექსპრესიონისტებმა კიდევ უფრო გააძლიერეს დამდგმელი რეჟისორის როლი. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეჟისურა განსაკუთრებული სახის შემოქმედებაა. მათ წარმოდგენებში რეჟისორი თავისუფალი და დამოუკიდებელი შემოქმედი, ერთგვარი სასცენო დემიურგია.
გერმანულმა ექსპრესიონისტულმა სათეატრო რეჟისურამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმ პერიოდის გერმანულ კინემატოგრაფიაზე. სივრცისა და მხატვრული გადაწყვეტის, გამომსახველობითი საშუალებების ექსპერიმენტულ მიდგომებს ვხვდებით ასევე გერმანულ ექსპრესიონისტულ კინემატოგრაფშიც, რომელიც ამ დროისთვის იწყებს განვითარების ახალ ეტაპს და იზიარებს ექსპრესიონიზმის მხატვრულ პრინციპებს, იდეურ და სტილისტურ თავისებურებებს. კინორეჟისორებს - მურნაუს, ვინეს, პაბსტს, ლანგს ეკრანზე გადააქვთ ექსპრესიონიზმის ესთეტიკის გავლენით აღბეჭდილი შემაშინებელი, ხანდახან ავადმყოფური და დეპრესიული სახეები.
სტატიაში განხილულია მხატვრული მიმდინარეობის - „ექსპრესიონიზმის“ სპეციფიკური თავისებურებები გერმანულ თეატრში და თეატრალური რეჟისორებისა და მხატვრების შემოქმედების გავლენა გერმანული ექსპრესიონისტული კინემატოგრაფიის განვითარებაში. აქცენტს ვაკეთებ ექსპრესიონისტული რეჟისურის ძირითად თვისებებსა და მახასიათებლებზე, მსახიობთა და სცენოგრაფთა მუშაობის თავისებურებებზე. ასევე განვიხილავ ექსპრესიონიზმის სტილისტურ და იდეურ კავშირებს გერმანულ თეატრსა და კინოში.